ინოვაციების და სამოქალაქო განვითარების ცენტრი ,,პროგრესის სახლი’’ – ორგანიზაციის მისიაა გურიის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა, სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მასმედიის წარმომადგენლების საინფორმაციო -საკონსულტაციო-საგანმანათლებლო და საგამომცემლო მომსახურება, მხარეში თანამედროვე აზროვნების პროპაგანდა, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ორგანიზაციის მართვისა და ბიზნესის წარმოების თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
გურიის სამოქალაქო ცენტრი დაარსების დღიდან სარგებლობს „პროგრესის სახლის“ მხარდაჭერით, ორგანიზაციის ოფისი განთავსებულია პროგრესის სახლის შენობაში, ორგანიზაციას არაერთხელ უსარგებლია „პროგრესის სახლის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე ადამიანური რესურსით: საქმიანი კონსულტაციებით, რეკომენდაციებით და მხარდაჭერით
მედია პლატფორმა გურია TV-ს მიზანია გურიის რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა; რეგიონის მოსახლეობისათვის ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების ხელშეწყობა; ახალგაზრდების განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა; ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა. გურია TV-სთან თანამშრომლობით გურიის სამოქალაქო ცენტრი აშუქებს სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს, ამზადებს საინფორმაციო ვიდეო-მასალებს, საზოგადოებრივ თოქ-შოუებს და წინასაარჩევნო პოლიტიკურ დისკუსიებს.
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვის, ცოდნის მიღებისა და გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით. გურიის სამოქალაქო ცენტრი სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსთან თანამშრომლობს ახალგაზრდული საკითხების გარშემო და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირების მიმართულებით.
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ,,ეკო’’ მუშაობს გარესმოსდაცვით საკითხებზე. გურიის სამოქალაქო ცენტრისთვის ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა. აქედან გამომდინარე ორგანიზაციები თანამშრომლობენ რეგიონში მდინარეების დაცვის, ინერტული მასალის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების კონტროლის, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაცემის საზოგადოებრივი მონიტორინგის საკითხებზე.
„ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის“ მისიაა ლანჩხუთში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. გურიის სამოქალაქო ცენტრი ლანჩხუთის ახალგაზრდულ მოძრაობასთან პარტნიორობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის, ეკოტურიზმის განვითარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების, მიუსაფარი ძაღლების მართვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოს ადაპტირების ადვოკატირების საკითხებზე.
„სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ აერთიანებს სამოქალაქო აქტივისტებს. მოძრაობის მისიაა გურიის რეგიონში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. გურიის სამოქალაქო ცენტრთან ერთად განხორციელებული პროექტის – „ვგულშემატკივრობთ საქართველოს“ – მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა სპორტული ღონისძიებების ჩვენების მეშვეობით.