2021 წლის 29 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, სანებართვო მოწმობის ფორმის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“.

აღნიშნული დადგენილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირების პირველი ცდაა. საშუალო და მცირე ქალაქებში საზოგადოებრივ ტრანსპორტს უმეტესად სოციალური დანიშნულება აკისრია და არაპირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი ტრანსპორტი ზრდის გადაადგილების არეალს და შესაბამისად დასაქმების, ვაჭრობისა და  გართობადასვენების მიზნით მობილობის შესაძლებლობებს. სოფლებიდან ქალაქში შემომავალი საგარეუბნო ტრანსპორტი შესაძლებელია ქალაქის შიგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლსაც ირგებდეს თუ მათი მარშრუტები სწორად იქნება შეჯერებული[1]ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის წინასაპროექტო ურბანული კვლევა, … Continue reading

დადგენილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული იყო კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნები. დადგენილება ეყრდნობა შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, კანონი საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

დადგენილებით განისაზღვრა ახალი წესები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მიკროავტობუსით [2]იგივე სამარშრუტო ტაქსი, ე.წ. „მარშრუტკა“ და ავტობუსით მგზავრთა რეგულარული გადაყვანისთვის. მგზავრთა რეგულურული გადაყვანისთვის სავალდებულო გახდა ნებართვის აღება, რომელიც გაიცემა ღია კონკურსით. კონკურსის ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. მერი ამტკიცებს საკონკურსო კომისიას, მის შემადგენლობას, დებულებას და აცხადებს კონკურსს.

კონკურსში მონაწილეoბის უფლება აქვთ, კერძო სამართლის იურდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს. ნებართვის მაძიებელი განცხადებას წარადგენს მისთვის სასურველ ერთ ან მეტ მარშრუტზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება თითოეულ მარშრუტზე ცალ-ცალკე. გამარჯვებულის გამოვლენა უნდა მოხდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მონაცემები;
  • ნებართვის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმები და პროგრამები
  • ნებართვის მაძიებლების საკუთრებაში/ან სარგებლობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო ბაზის მონაცემები

ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ მარშუტზე M2 კატეგორიაზე (მიკროავტობუსი) შეადგენს 360 ლარს თვეში, ხოლო M3  კატეგორიაზე (ავტობუსი) – 40 ლარს თვეში.

დადგენილებით ასევე დამტკიცებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამგზავრო მარშუტების სქემა. აღნიშნული სქემა პრაქტიკულად იმეორებს აქამდე მოძრავი კერძო მიკროავტუბესებისა და ავტობუსების მოძრაობის განრიგს. მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია საჯარო კონსულტაციები და ექსპერტული შეფასებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმვის მიზნით. არ არის დადგენილი დასახლებათა ფარგლებში ავტობუსების და მიკროავტობუსების მარშრუტები ქუჩების მიხედვით, არ არის დარეგულირებული მოძრაობის სიხშირე, საათები, გრაფიკი, გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.

შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება წარმოადგენს მხოლოდ მოქმედი კერძო მიკროავტობუსების და ავტობუსების მარშრუტებიდან მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავლების მიღების მცდელობას და ის ვერ გააუმჯობესებს  მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საზოგადოებრივი ტრანსპორტზე.

რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს:

  • ქალაქ ოზურგეთის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროების შეფასება აქციოს ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავების ერთ-ერთ ამოცანად
  • რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების შედგენისას იხელმძღვანელოს მოსახლეობისთვის მოხერხებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის ამოცანებით
  • დაარეგულიროს რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოძრაობის გრაფიკი თითოეული მარშრუტის მიხედვით

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

კომენტარები

References
1 ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის წინასაპროექტო ურბანული კვლევა, „ოზურგეთის პროგრესის სახლი“, 2020
2 იგივე სამარშრუტო ტაქსი, ე.წ. „მარშრუტკა“