2021 წლის მაისში ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებით მდიდარ არეალში განხორციელდა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის სამართლებრივ შეფასებას:

მშენებლობის ნებართვა 9 აპრილის ქუჩის #10-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე გაიცა 2019 წლის 9 იანვარს. მშენებლობის ნებართვა გაცემულია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მიხედვით.

მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, 2018 წლის 5 სექტემბერს მოხდა მოქალაქე გივი კიკვაძის (შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსები) კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში.

2018 წლის 18 დეკემბერს სსიპ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ გასცა რეკომენდაცია მიწის ნაკვეთი გადასცემოდა საკუთრებაში საქართველოს საპატრიარქოს. და ამავე წლის 21 დეკემბერს მიწის ნაკვეთი ჩუქების ხელშეკრულების გადაეცა კიდეც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

მიწის ნაკვეთის ირგვლივ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ აღრიცხული სამი არქიტექტურული ობიექტი მდებარეობს:

  • გურიელების სახლი (აღრიცხვის ნომერი N16091)
  • დიმიტრი გურიელის სასახლე (N16092) და
  •  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (N18034).

აღნიშნულ ობიექტებს ძეგლის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ასევე არ არსებობს ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დადგენა. ისტორიული ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალები და შესაბამისი რეგულაციები გენერალური გეგმის თემატური ნაწილი უნდა იყოს.

რეკომენდაციები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს:

  • შეიმუშავოს და მიიღოს ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა.
  • აწარმოოს ინტენსიური კომუნიკაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით
  • შეიმუშავოს და დაამტკიცოს ისტორიული ძეგლების ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალები და შესაბამისი რეგულაციები და აქციოს ის გენერალური გეგმის თემატურ ნაწილად

 

 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.