2 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და განსაზღვრონ მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

თქვენ ხართ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები რომლებმაც მიიღეთ ეს გამოწვევა და პასუხიმგებლობით სავსე გადაწყვეტილება, ემსახუროთ ხალხს და იზრუნოთ მათი კეთილდღეობისთვის.

ამ უაღრესად მნიშვნელოვან დემოკრატიულ პროცესში ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვართ თქვენი ბუნებრივი მოკავშირეები და გამოვხატავთ მზაობას, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების შემდეგ ვითანამშრომლოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში უკეთესი, საცხოვრებელი და სტაბილური  სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შესაქმენლად.

ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნები მასში მონაწილეებს არ ჰყოფს გამარჯვებულებად და დამარცხებულებად, არამედ განსაზღვრავს ადამიანების როლებს, როგორ და რა პოზიციაში ემსახურონ საკუთარ მოქალაქეებს. იმედი გვაქვს რომ ეს არჩევნები იქნება პროცესი სადაც გურულებს გვაქვს შესაძლებლობა ვაჩვენოთ ჩვენი პოლიტიკურ კლასი, რომელიც ჩვენი ისტორიაც და ამავდროულად მომავალიცაა.

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თქვენი მოკავშირეები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღებისთვის ზრუნვის საქმეში, მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ, რომ:

_ ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრის, ქალაქ ოზურგეთისთვის და შემდეგ მთელი მუნიციპალიტეტისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განვითარების გენერალური გეგმის არსებობა. ეს გეგმა სჭირდება არა მხოლოდ ქალაქს და მუნიციპალიტეტს, არამედ პოლიტიკოსებსაც, რომ განვითარება იყოს ფართომასშტაბიანი და მონაწილოებითი პოლიტიკური პროცესის შედეგი.

_ ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მოწესრიგებულ, მათ საჭიროებებზე და საცხოვრებელ პირობებთან მორგებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს, როგორც ქალაქში ასევე სოფლად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღებას დაუთმობთ, როგორც წინასაარჩევნო პროგრამების შემუშავების დროს ასევე შემდეგ მთელი თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში.

პატივისცემით,

გურიის სამოქალაქო ცენტრი; 

ქალები რეგიონის განვითარებისთვის; 

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი  „პროგრესის სახლი“

სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; 

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი; 

განათლებისა და თანასწოროების ცენტრი; 

გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო“

„ფენიქსი 2009“

მშობელთა კავშირი „ჩვენი შვილები“

მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი

ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი.