ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2022 წელს გამოაცხადა ,,ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის” დაწყების შესახებ. სამოქალაქო ბიუჯეტი მოქალაქეებს აძლევდა შესაძლებლობას, ჩართულიყვნენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 50 000 ლარის დაგეგმვაში. იდეების რეგისტრაცია მიმდინარეობდა 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე. „გურიის სამოქალაქო ცენტრის” ჩოხატაურის კოორდინატორმა წარადგინა იდეა – „საფეხბურთო მოედანი დაბის ცენტრში“, რომელიც ,,ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის” საბჭომ გააერთიანა სხვა იდენტურ იდეასთან ერთად და წარადგინა კენჭისყრაზე. იდეა ითვალისწინებდა დაბა ჩოხატაურში მდებარე მინი საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას, მინდვრის საფარის შეცვლას, საფეხბურთო კარების, კალათბურთის ფარების, დასაჯდომი სკამები მოწყობას, გარე ტრენაჟორებისა და სასმელი წყლის სოკოს მონტაჟს.
„ჩოხატაურის სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხმის მიცემა გაიმართა 19 და 20 სექტემბერს. ხმის მიცემის შედეგად, მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა 2 გამარჯვებული იდეა, მათ შორის, 99 ხმით, ,, საფეხბურთო მოედანი დაბის ცენტრში”. გამარჯვებული პროექტი ,,საფეხბურთო მოედანი დაბის ცეტრში“ აისახა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში (დამტკიცებულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N31 დადგენილებით) ქვეპროგრამის სახით. ქვეპროგრამის კოდი: 05 01 06 01, გამოყოფილი დაფინანსება: 50 000 ლარი.
მიუხედავად ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ არ შეასრულა აღებული ვალდებულება: 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დაბის ცენტრში მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელებული არ არის, არ არის დაწყებული სამშენებლო სამუშაოები.
მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები განსაკუთრებით მაღალი პასუხისმგებლბით უნდა ეკიდებოდნენ მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებს და არ აფერხებდნენ მოქალაქეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას.
ამიტომ, მოვითხოვთ:
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეასრულოს აღებული ვალდებულება და განახორციელოს სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის შესრულება 2023 წლის ბიუჯეტის შესაბამისად.