9 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ახალშექმნილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ირაკლი პაპავა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო „გურიის სამოქალაქო ცენტრის“ აქტიურობის შედეგად შეიქმნა.
ტრენინგზე საბჭოს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსზე, მის სტრუქტურაზე, სამოქალაქო მონაწილეობის ფორმებზე, ასევე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მნიშვნელობასა და მისი ფუნქციონირების წესზე, რაც მათ დაეხმარება, ეფექტურად წარმართონ თავიანთი საქმიანობა საბჭოში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსსა და მის III ბლოკზე, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობასა ანგარიშვალდებულებას ეხება.
ტრენინგი გაიმართა პროექტის – ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის’’ ფარგლებში, პროექტის მიზანი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდაა. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.