ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში სავარაუდოდ უპატრონოდ მიტოვებულმა პიტბულმა დაკბინა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე დაზიანებები მიაყენა მათ, განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. იმედი გვაქვს, რომ პატარა მალე გამოჯანმრთელდება და ეს მძიმე შემთხვევა კვალს არ დატოვებს მის ჯანმრთელობაზე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა როგორც შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა, ასევე, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.

უკვე 3 წელია, ჩვენი ორგანიზაცია ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს ამ პასუხისმგებლობის შესრულებას. მიუხედავად ამისა:

• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღემდე არ იხილავს ჩვენს პეტიციას
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არ დაინტერესებულა ჩვენ მიერ მომზადებული მიუსაფარი ძაღლების მართვის სტრატეგიით, რაც, სხვა ღონისძიებებს შორის, მოიცავს: ძაღლების რეგისტრაციას და იდენტიფიკაციას, ძაღლების მიტოვებაზე რეგულაციების დაწესებას, გამრავლების უნარის შეწყვეტას და სხვა
• მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში არაა ასახული პრობლემის გადაწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები და საკმარისი თანხები.

მიგვაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი არის შედეგი ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფოს მრავალწლიანი უმოქმედობისა. ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების მიერ საჭირო და ადეკვატური ზომების მიუღებლობის შემთხვევაში კვლავ იარსებებს მსგავსი ფაქტების განმეორების საფრთხე. ამიტომ, მოვითხოვთ:

• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უახლოეს სხდომაზე დაიწყოს ძაღლების შესახებ პეტიციის განხილვა
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ 2024 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვისთვის საჭირო ღონისძიებები და შესაბამისი ფინანსები