2024 წლის 15 იანვარს კომპანია ,,ორბი ჯგუფი ბახმარომ’’ მიმართა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას მშენებლობის ნებართვის მისაღებად. პროექტით გათვალისწინებულია დაბა ბახმაროში მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობა. 1 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა საჯარო განცხადება, რომ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.
წარმოდგენილმა პროექტმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება და ექსპერტების უარყოფითი შეფასებები, რადგან აჩენს არაერთ კითხვას, მათ შორის:
📌 რამდენად გამართლებულია აღნიშნული პროექტი ქალაქგეგმარებითი კუთხით არსებულ გამოწვევებთან?
📌 უქმნის თუ არა წარმოდგენილი პროექტი საფრთხეს ბახმაროს უნიკალურობას და ავთენტურობას?
📌 შეიცავს თუ არა პროექტი გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს?
📌როგორ მოხდება კურორტზე არსებული სასმელი წყლის რეს ურსების განაწილება და ჩამდინარე წყლების მართვა კურორტზე წყალმომარაგების სისტემის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობების არარსებობის პირობებში?
📌 რამდენად შეესაბამება პროექტი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის განკარგულებით დადგენილ შეზღუდვას, რომლის თანახმადაც, კომპანიას 10 წლის განმავლობაში ეკრძალება მრავალბინიანი სახლის მშენებლობა?
მივმართავთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას:
🔸 უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით
🔸 უზრუნველყოს წარმოდგენილი პროექტის განხილვის საჯაროობა დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების ჩართულობით
🔸 გადაწყვეტილება მიიღოს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით