ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილებით განსაზღვრა ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი. დადგენილების მიხედვით ქალაქის ტერიტორია იყოფა სამ ზონად: ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული. დადგენილია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის[1]ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N2, 2021 წლის 26 თებერვალი  კვადრატული მეტრის ნორმატიული ფასი თითოეული ზონის მიხედვით:

  • ცენტრალურ ზონაში – 8,112 ₾
  • შუალედურ ზონაში – 3,744 ₾
  • პერიფერიულ ზონაში – 2,49 ₾

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.[2]ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 24, ნაწილი 1, პუნქტი ე.გ.  … Continue reading

„სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N784, 8 ოქტომბერი, 2013 .

დადგენილება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიიღო. კანონით სავალდებულოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება . აქტის მიღების პროცესში ფორმალურად დაცული იყო კანონმდებლობის მოთხოვნები, პროექტი გამოქვეყნებული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საიტზე. 2021 წლის 16 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, საკრებულომ აქტი დაამტკიცა დადგენილ ვადაში და 26 თებერვალს დაამტკიცა დადგენილება.

კანონის თანახმად, საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასი საბაზრო ღირებულების მიხედვით, წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს თებერვილსა უნდა დაადგინოს. 2021 წლის დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2020 წელს მიღებული ანალოგიური აქტი, რომლის მიხედვით ნორმატიული ფასი ქალაქის ცენტრალურ და პერიფერიულ ზონებში გაიზარდა, ხოლო შუალედურ ზონაში იგივე დარჩა.

დადგენილი ფასები საბაზრო ფასებთან შედარებით დაახლოებით 20-ჯერ ნაკლებია. მიწის ნორმატიული ფასი გამოიყენება ქონების გადასახადის განსაზღვრის დროს. ქონების გადასახადი მუნიციპალიტეტის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. საბაზრო ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ფასის დადგენის გამო შესაძლოა მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღოს დამატებითი შემოსავალი. აღნიშნულ დაშვებას ამყარებს ისიც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2016-2017 წლებში უკვე დაკარგა რამდენიმე მილიონი ლარის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად უძრავი ქონების პრივატიზების გამო.

მივმართავთ რეკომენდაციით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს:

* უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის შესაბამისობა ქალაქ ოზურგეთის შესაბამის ზონაში არსებულ საბაზრო ფასებთან

 

 

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

References
1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N2, 2021 წლის 26 თებერვალი
2 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 24, ნაწილი 1, პუნქტი ე.გ.  საქართველოს მთავრობას ასეთი წესი დადგენილი არ აქვს, ამიტომ მუნიციპალიტეტებს უწევთ იხელმძღვანელონ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით