„გურიის სამოქალაქო ცენტრმა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში დასახლების საერთო კრებები მოიწვია. დასახლების საერთო კრება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოქალაქეთა თვითორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა. გურიის რეგიონში, მოქალაქეთა ინიციატივით დასახლების საერთო კრების მოწვევის პრეცედენტი აქამდე არ არსებობდა.

სოფელ ვანში კრებაზე მოსახლეობამ სოფლისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელა და კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტა, რომ უნდა აღდგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სტენდი და უნდა მოეწყოს სოფლის ცენტრში არსებული სკვერი. სოფელ მზიანში კრებაზე მოსახლეობამ კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტა, რომ სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შიდა გზების მოწყობაა. მწვავე პრობლემად ასევე დასახელდა სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა.

პროექტი ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს დაფინანსებით